მონტესორი

მონტესორი

bus

მონტესორის შესახებ

1988 წელს იუნესკომ მე-20 საუკუნის 4 უდიდეს პედაგოგს შორის დაასახელა ერთადერთი ქალი – მარია მონტესორი. ეს ფაქტი, რა თქმა უნდა მონტესორის უზარმაზარი საერთაშორისო აღიარებაა, თუმცა, მისი, როგორც უდიდესი პედაგოგის,  ფსიქოლოგის  და ჰუმანისტის მნიშვნელობის დასადასტურებლად ისიც კმარა, რომ დღეს, მონტესორის პედაგოგიური სისტემის შექმნიდან საუკუნის გასვლის შემდეგაც, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში  ათასობით საგანმანათლებლო დაწესებულება ხელმძღვანელობს მისი მეთოდოლოგიით.

მარია მონტესორი (1870 – 1952) იყო პირველი ქალი იტალიაში, რომელმაც ექიმის დიპლომი და  დოქტორის ხარისხი მიიღო. თავისი უნიკალური მეთოდის გამოყენება მარიამ მისსავე დაფუძნებულ “ბავშვის სახლში“ დაიწყო, რომელიც ღარიბი და აღზრდა-განათლებას მოკლებული ბავშვებისთვის დაარსა. სწორედ აქ განხორციელდა პირველად “მონტესორის სასწაული“ -  აღსაზრდელები, რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ველურებივით იქცეოდნენ, მონტესორის პედაგოგიური სისტემის წყალობით სამაგალითო ქცევის და საუკეთესო აკადემიური მოსწრების ბავშვებად იქცნენ.

მონტესორის პედაგოგიური კრედო – ეს არის ჰუმანური პედაგოგიკა, რომელიც ითვალისწინებს ბავშვის შესაძლებლობების და ინტერესების მაქსიმალურ გამოვლენას და წახალისებას, ფიზიკური და გონებრივი განვითარების ძალდაუტანებელ სტიმულირებას, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებას და პოზიტიურ თვითშეფასებას.

დამეხმარე, რომ გავაკეთო თვითონ - ეს მონტესორის მეთოდიკის მთავარი დევიზია და კარგად აჩვენებს, რომ მონტესორის პედაგოგიკაში მთავარი ადგილი უჭირავს ბავშვს, მის ინტერესებს, სურვილებს. მასწავლებელი კი წარმოადგენს არა მკაცრ მენტორს, არამედ მეგობარს და პარტნიორს.

მონტესორის სისტემაში თითოეული ბავშვი უნიკალური პიროვნებაა, რომელიც იმსახურებს პატივისცემას და თვითგანვითარების შესაძლებლობას, ამიტომაც მონტესორისეულ საბავშვო ბაღში ბავშვი ყოველდღიურად რამდენიმე საათს ატარებს სპეციალურად მომზადებულ გარემოში, რომელსაც ჩვენ “მონტესორის კლასს“ ვეძახით და რომელიც იდეალურია ბავშვის ყოველმხრივი განვითარებისთვის.

ჩვეულებრივ, მონტესორის კლასი იყოფა ხუთ ზონად:

  • I. პრაქტიკული ჩვევების ზონა

    ეს არის თამაშები და აქტივობები ყოველდღიური ჩვევების და უნარების გამომუშავებისათვის: ღილების და ფეხსაცმლის თასმების შეკვრა, ჭურჭლის და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების სწორად და ფრთხილად ხმარება, საკუთარ თავზე,  გარშემომყოფებზე  და გარემოზე ზრუნვა. ბავშვი თამაშით და ხალისით გამოიმუშავებს ჩვევებს, რომლებიც დაეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში, დახვეწს მის მოტორულ და სენსორულ უნარებს, მოამზადებს მას ზრდასრული ცხოვრებისთვის და რაც მთავარია, გაუჩენს მას დამოუკიდებლობის და საკუთარ თავში დარწმუნებულობის განცდას.

  • II. სენსორული განვითარება

    სპეციალური სათამაშოები ეხმარება ბავშვს შესანიშნავად განივითაროს სენსორული ანუ მგრძნობელობითი სფერო. პატარები სწავლობენ განასხვავონ საგნები ფორმის, მოცულობის, წონის და მასალის მიხედვით, შეიგრძნობენ ტემპერატურულ, ხმოვან და საგემოვნებო მახასიათებლებს. სენსორულ ზონაში მუშაობა მნიშვნელოვანწილად ამზადებს ბავშვს მათემატიკური და ლოგიკური აზროვნებისთვის, უვითრებს მხედველობას, სმენას, ყნოსვას, გემოვნებას და შეხებით შეგრძნებებს.

  • III. მათემატიკური განვითარება

    მონტესორის კლასის ამ ზონაში პატარა იწყებს მათემატიკის საფუძვლების გააზრებას. სპეციალური სათამაშოების და აღმზრდელების დახმარებით, ბუნებრივ და ძალდაუტანებელ გარემოში ბავშვი სწავლობს თვლას, მიმატება-გამოკლების და გაყოფა-გამრავლების პრინციპებს, ათეულების, ასეულების და ათასეულების ცნებებს, ეცნობა გეომეტრიულ ფიგურებს და მათ თვისებებს.

    მონტესორის მათემატიკური სისტემა  უნიკალური საშუალებაა შეაყვაროს პატარას მათემატიკა, განუვითაროს ზუსტი და ლოგიკური აზროვნების უნარი, მოამზადოს ბავშვი სასკოლო ეტაპისთვის.

  • IV. ენობრივი განვითარება

    მონტესორის მეთოდი ითვალისწინებს ენობრივ განვითარებას, როგორც სრულფასოვანი ინტელექტუალური ზრდის აუცილებელ ნაწილს. ბავშვები სულ მცირე ასაკიდან ეჩვევიან ანბანს, ეცნობიან ასოებს, თამაშით ცდილობენ წერის დაწყებას, ასოების წაკითხვას, სიტყვების შედგენას. ენობრივი განვითარება გულისხმობს ბავშვების ლექსიკური მარაგის გაფართოებასაც,  სასკოლო ასაკისთვის კი მათთვის გაცილებით მარტივდება წერასთან დაკავშირებული მოტორული ამოცანები, კითხვა და გამართული მეტყველება.

  • V. სამყაროს აღქმა

    ცნობილია, რომ ბავშვებს უამრავი კითხვა უჩნდებათ მათ ირგვლივ არსებული სამყაროს შესახებ. მონტესორის კლასის შესაბამის ზონაში ყველა ამ კითხვაზე არსებობს პასუხი. პატარა მისთვის გასაგებ ენაზე და თამაშის ფორმით შეიცნობს სამყაროს და გაიაზრებს მის მთლიანობას. მონტესორის მეთოდიკით ბავშვები ეცნობიან ბიოლოგიის, გეოგრაფიის, ისტორიის საფუძვლებს, სწავლობენ ადამიანის ორგანიზმის, მცენარეების აგებულებას, ცხოველთა სამყაროს,  იგებენ რა არის კოსმოსი და ჩვენი პლანეტა, ერკვევიან სხვადასხვა ბუნებრივი მოვლენის არსში.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მონტესორის მეთოდიკას განასხვავებს ტრადიციული პედაგოგიკისგან, არის ძალდაუტანებელი, თავისუფალი გარემო ბავშვის ინტერესების გამოსაკვეთად და განსავითარებლად, ბავშვის, როგორც განუმეორებელი და უნიკალური ინდივიდის აღქმა და მისი შესაძლებლობების მაქსიმალური გამოვლენა.

საკუთარი თავის რწმენა, დამოუკიდებლობა, საკუთარი ინტერესების შეცნობა და მყარი საფუძველი ცოდნის გაღრმავებისთვის, კოლექტივში მუშაობის უნარი, დახმარების მოთხოვნა და მიღება და ასევე, სხვებისთვის დახმარების გაწევა – ეს არის მცირე ჩამონათვალი იმ თვისებებიდან, რომელიც თქვენს პატარას სრულფასოვან, ჰარმონიულ და წარმატებულ  პიროვნებად აქცევს.

 

Kinderville - თქვენი შვილის მეორე სახლი!

FacebookVirtual TourContact Us